პენტაგონის ახალი თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევად რჩება.
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მიუხედავად, პეკინიდან მომავალი საფრთხე განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღება და ფორმირება მომავლისთვის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთთან კონფლიქტი „არ არის გარდაუვალი და არც სასურველი“.
ჩინეთი მუშაობს ინდო-წყნარ ოკეანეში ამერიკული ალიანსების ძირის გამოთხრაზე და თავისი მზარდი არმიის გამოყენებაზე მეზობლების იძულებისა და მუქარისთვის.
ამავდროულად, დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის, ბირთვული იარაღით, კიბეროპერაციებითა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით. ჩინეთი და რუსეთი აგრძელებენ პარტნიორობის გაღრმავებას.
„ჩინეთი ერთადერთი კონკურენტია, რომელსაც აქვს საერთაშორისო წესრიგის გადაკეთების განზრახვა, ასევე უფრო მეტი ძალა ამის გასაკეთებლად. ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუძლია შეერთებულ შტატებს სისტემატურად, გრძელვადიან პერსპექტივაში დაუპირისპირდეს, მაგრამ რუსული აგრესია მკვეთრ საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.