ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა აკრძალა ევროკავშირის მაღალჩინოსნების რუსეთში შესვლა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ზომები შეეხო ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან კიევს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.
ასევე აეკრძალა რუსეთში შესვლა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც მოსკოვი „სისტემატურ საზოგადოებრივ ანტირუსულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს. კერძოდ, დაზუსტებულია, რომ სიაში შეყვანილია „ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატები“.
ამასთან, განცხადების ტექსტს არ ერთვის იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც ახლა რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.