ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 16:30 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

რუსეთმა საერთაშორისო კომპანიების კუთვნილი 800 თვითმფრინავი უკვე გადაიფორმა, 78 – “დაკარგა”

რამდენიმე დღის წინ რუსეთში თვითმფრინავების ნაციონალიზაცია დაიწყო. საუბარია იმ ავიახომალდებზე, რომლებიც რუსულ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიებისგან ლიზინგით ჰქონდათ აღებული. აღნიშნულის საფუძველი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის ხელშეწყობის კანონს მოაწერა ხელი. დოკუმენტი რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, ლიზინგით აღებული უცხოური თვითმფრინავები საკუთარ სახელზე დაირეგისტრირონ, თანხა კი არ გადაიხადონ. შედეგად, რუსული ავიაკომპანიების განკარგულებაში არსებული 1 300-ზე მეტი თვითმფრინავიდან, თითქმის 800 უკვე რუსეთის საავიაციო რეესტრშია დარეგისტრირებული.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესში სამოქალაქო ავიაციამ პრაქტიკულად 78 თვითმფრინავი “დაკარგა“. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სანქციების ამოქმედებისთვის რუსეთს 1 367 თვითმფრინავი ჰქონდა და 78 მათგანი სხვა ქვეყნებშია გაჩერებული და რუსეთში აღარ დაბრუნდება. მისივე ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიები 2022 წელს 90 მლნ მგზავრის გადაყვანას შეძლებენ.

„წინასწარი შეფასებით, 90 მლნ ადამიანს გადავიყვანთ, რადგან 87.5 მლნ ადამიანი 2021 წელს გადავიყვანეთ. საზღვარგარეთის რეისები შეწყდა, თუმცა რუსები მოგზაურობას გააგრძელებენ. ვფიქრობთ, რომ რუსეთის შიგნით ტურისტული ბიზნესი განვითარდება. თუ თურქეთი, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები მიგვიღებენ, მაშინ საზღვარგარეთთან ერთად 100 მლნ ადამიანის მომსახურებას შევძლებთ“, – თქვა საველიევმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციების ამოქმედებამდე კოვიდამდე არსებული მაჩვენებლების აღდგენა 1.5-2 წელში იყო მოსალოდნელი. მან დასძინა, რომ ისეთი ქვეყანის დატოვება ავიაციის გარეშე, რომელიც 17 მლნ კვ.კმ-ის ფართობის არის, არ შეიძლება.

„ყველა შესაძლო ლეგალურ გზას ვეძებთ, რომ სალიზინგო კომპანიებს მოველაპარაკოთ და გადავწყვიტოთ ეს საკითხი, მაგრამ ჯერ ეს ვერ შევძელით. მათგან არის დაბრუნების მოთხოვნა. მათ რუსულ ავიაკომპანიებთან ხომალდების კომპენსაციისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში შემოსვლა არ უნდათ. არც იმედს ვკარგავთ და არც თვითმფრინავებს ვაძლევთ, მათთვის ხომალდების დაბრუნება ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“, – განმარტა ტრანსპორტის მინისტრმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები