აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის მხარდაჭერით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ კონგრესში ახალი ფართომასშტაბიანი პაკეტის დამტკიცების გარეშე აშშ-ის შესაძლებლობები ყოველკვირა მცირდება. ამის შესახებ Ukrinform წერს.
„ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი მხოლოდ დროთა განმავლობაში გაიზრდება“, – თქვა სალივანმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის დახმარების პაკეტების გამოყოფას პრეზიდენტის უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები სერიოზულად დაზარალდება, თუკი ისინი ვერ მიიღებენ სტაბილურ დაფინანსებას ისრაელისთვის, უკრაინისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და საზღვრებისთვის“, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ შეემცირებინათ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა.
სალივანმა ასევე გააფრთხილა კონგრესი, არ მიიყვანოს სიტუაცია მთავრობის „გათიშვამდე”. მისი თქმით, პოტენციური „გათიშვა” გაუგზავნის სიგნალს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „შეერთებული შტატები ვერ გაერთიანდება ორპარტიულ საფუძველზე”.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დაახლოებით 61 მილიარდი დახმარების გამოყოფას სთავაზობს პაკეტში, რომელიც გააერთიანებს ისრაელისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერას.