ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა – საქართველოს ღირსების დაცვაა, რომ ჩვენ ახლა არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც სანქციების შესახებ ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეტი კონტროლია საჭირო რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში შემოდიან და რჩებიან.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ზომები იყოს მიღებული, რომ ეს ყველაფერი ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაჯდეს.
„ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ყველას ვიღებთ და ეს უკვე გამოჩნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს სხვადასხვა ზომა სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე.
ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს ამ დღევანდელ სიტუაციაში, სადაც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები. ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით, არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების შესახებ. მე ვადასტურებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით არის ერთიანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.