ღაზას ყველაზე დიდი საავადმყოფოს – ალ-შიფას მახლობლად ბრძოლებმა, იქ მყოფი პაციენტები და პერსონალი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, ღაზას მასშტაბით სხვა საავადმყოფოებსაც ეწურებათ ელექტროენერგია და მარაგი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო რამალაში ამბობს, რომ მან დაკარგა კონტაქტი ჩრდილოეთ ღაზას საავადმყოფოებთან, ხოლო ღაზას სიდიდით მეორე საავადმყოფო – ალ-კუდსი – აღარ ფუნქციონირებს. ამის შესახებ CNN წერს.
ალ-შიფას დირექტორმა მუჰამედ აბუ სალმიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო, არცერთი საოპერაციო ოთახი ფუნქციონირებს.
„საოპერაციო ოთახები სრულად გამორთულია. ახლა ჩვენთან მოდიან დაჭრილები და პირველადი დახმარების გარდა მათ ვერანაირ დახმარებას გავუწევთ“, – თქვა აბუ სალმიამ.
ალ-შიფას დირექტორის ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებასა და ბაგა-ბაღში ყოფნისას რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა იქ არსებული რთული პირობების გამო. მაგალითად, მისივე თქმით, ელექტროენერგიის არქონის გამო, ჩვილების გასათბობად ფოლგებში ახვევდნენ და ცხელ წყალს უდებდნენ.
საავადმყოფოს დირექტორმა, ასევე, თქვა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას დაურეკეს და საწვავი შესთავაზეს, რომელიც, მისი თქმით, გენერატორებს ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში ამუშავებდა, მაგრამ პერსონალს ძალიან შეეშინდა, რომ მის მისაღებად წასულიყვნენ.
„რა თქმა უნდა, ჩემს მედიკოსთა გუნდს ეშინოდა გარეთ გასვლის. ჩვენ გვინდა ყოველი წვეთი საწვავი, მაგრამ მე ვუთხარი (IDF-ს), რომ ის უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო წითელი ჯვრის ან ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის მეშვეობით“, – თქვა აბუ სალმიამ.
ამასთან დაკავშირებით „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან საწვავის მიწოდება პროპაგანდისტული ტრიუკია.
მედია, ასევე, იტყობინება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანან ჯარისკაცები, რომლებიც საავადმყოფოს შესასვლელთან ახლოს მედპერსონალს ქილებს აწვდიან. მათ ასევე გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, საავადმყოფოს ოფიციალური პირი, „ჰამასის“ ლიდერს დახმარებაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მხარემ 11 ნოემბერს ალ-შიფას მიღმა ევაკუაციის დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადეს, თუმცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ მასში არავინ გასულა.