ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 15:28 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
7°C broken clouds

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე, როგორც წარმატებული სპორტსმენი საქართველოს ღირსებას იცავდა. ის იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის, მრავალგზის ჩემპიონი.

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, მან განსაკუთრებით უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, გნებავთ ჰაბიტუსითაც,  ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა.  ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.

29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში. მიხეილ ყაველაშვილი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები