საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედუარდ აღაჯანიანს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით დაადასტურეს.
საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მას მისცემს ინსტიტუციონალურ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს თუმცა, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები არა 30 წელს არამედ, რამდენიმე ათეულ საუკუნეს ითვლის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.
მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეხვედრები ორივე ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.
„საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც დაფიქსირებულია სომხეთის მთავრობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები და გაფორმებული მემორანდუმი ერთგვარი სტიმული იქნება ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. სომხეთი დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებით.
ამ კონტექსტში საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტია. ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ გამოითქვა მზაობა და გულწრფელი ნება, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში საქართველომ მედიატორის როლი შეასრულოს“, – განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.
დღეს გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, კომიტეტების წევრებიც მონაწილეობდნენ.