საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას განცხადებაზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა. უგულავამ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრების შესახებ განაცხადა – „ვნახოთ როგორ მიატოვებენ უსინდისო მასწავლებლები ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეებს“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის ზიზღის კამპანია და საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ დაინახა.
„ეს არის ზიზღის კამპანია, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, რას აკეთებდნენ ისინი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, ფეისბუკიდან და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავისი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როცა ვსაუბრობთ NGO-ებზე და ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია.
საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.