„არის ზოგადი ტენდენცია, რასაც ცდილობს ოპოზიციის ნაწილი და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში მაგალითად სასამართლოს დისკრედიტაცია, როდესაც ხდება ჩანაცვლება კვაზი-ამხანაგური სასამართლოებით, რომელიც სოცმედიაში იმართება და არის ე.წ. სოცმედია ან მედია „ტროიკები“, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა-დამნაშავეა, უდანაშაულოა-უდანაშაულოა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
„ხალხი, რომელთაც რომ ჰკითხო, სალონურ ატმოსფეროში დაგისხდებიან და მოგიყვებიან, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ლექციას წაიკითხავენ. სინამდვილეში, სულის სიღრმეში არიან „ტროიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც დასხდებიან და კლავიატურაზე რაღაცას აკრიფავენ, სტატუსს დაწერენ და იტყვიან-დამნაშავეა-არაა დამნაშავე, მოძალადეა-არაა მოძალადე, პრორუსია-არაა პრორუსი, დემოკრატია-ანტიდემოკრატია და მერე ერთი ჯგუფი, რომელიც მერე საბოლოო ჯამში რომ დავაკვირდეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი ქმნის ამ აღქმებს. ბატონმა დავითმა რომ აღიარა, აღქმები არის და რა ვუყოთ ამ აღქმებს, რა ვუშველოთო. ქალბატონი ანაც ამ კუთხით კარგი მაგალითია, გვაქვს გამოცდილება, როგორც კი რაღაც წამოვა აქეთ, მიმითითებთ, რომ არაა ეს ეთიკური, სამაგიეროდ იქით თუ არის, თვალებს დახრით და არ გინდათ ხოლმე მისი აღიარება, მაგრამ ის მაინც ვაღიაროთ, რომ ზოგადად ეს გაუხეშებული დისკურსი თუ ენა, რომელიც არის ფაქტი და საქმე ისაა, როგორ გამოვიდეთ აქედან და მე ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ რაც არის გამოსავალი. გამოსავალი არის რომ რადიკალური დღის წესრიგი მიატოვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სხვა არაფერი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველ გუნდში არაერთხელ გაიმართა მსჯელობა ოპოზიციასთან ურთიერთობის შესახებ.
„არ გამოდის და არ გამოდის მარტივი მიზეზის გამო. ისე გამოდის, რომ მე ვიღაცას ვაბრალებ, მაგრამ მე თვითკრიტიკითაც ვცდილობ და მივდივარ ამ დასკვნამდე. მანამ სანამ, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გავა ამ რადიკალური დღის წესრიგიდან, რასაც ჰქვია, რომ 10 წელი ქვეყანაში ხალხი ირჩევს რუსულ პროექტს და ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, მანამდე არაფერი ეშველება. იცით, რატომ არ გადიან ამ დღის წესრიგიდან? იმიტომ, რომ თქვენ არ მიუთითებთ ამაზე. სანამ სხვა ოპოზიცია, ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიები არ აიძულებთ, არ გაემიჯნებით და არ ამხელთ ამ პარტიას, მანამდე ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავუმკლავდებით და სამწუხაროდ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, თქვენ შეუქმენით ის ანტურაჟი „ნაციონალურ მოძრაობას“ არითმეტიკული სიბევრით, რომ თითქოს ეს იყო ერთიანი პოზიცია ბევრი პარტიის. ეს გამოიყენა სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რაც დამართეს საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.