დღეს საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებების, რომლებზეც ხშირად საუბრობენ, დემოკრატიისა და ხალხების ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, რომ სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლებად ჩათვლიან მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება., – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
„არ ვიცი, ვნახოთ, რა განხილვები იქნება. ერთადერთი ღია კითხვა არის დარჩენილი – რას ელოდება ევროკავშირის ესა, თუ ის ქვეყანა, თუ ცალკეული ინსტიტუცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ ჩვენ გვესმოდა საჯარო დაპირება, რომ ისინი დააკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს და არჩევნების შეფასებისთვის მათი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ჩაიარა არჩევნებმა, დაიდო ეუთო/ოდირის დასკვნა, წავიკითხეთ, მოვისმინეთ ზეპირი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, თუ ბიუროკრატი.
რა მოხდა? არ მოეწონა ვინმეს დასკვნა, რამე სხვა მოლოდინი ჰქონდათ?! ვხედავდით წინასაარჩევნოდ რომ იყო არნახული უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, მათ შორის სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ და გახსოვთ თქვენ, რომ მაშინ ვატარებდით მედიამონიტორინგს. დღეში, საშუალოდ, 4-5 სხვადასხვა უცხოელი აქტორის განცხადება იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვხედავდით, მათ შორის ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. ვნახეთ დანიის სახელმწიფო როგორ აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის. სააკაშვილის პლაკატების გამოფენები რომ ხდებოდა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალად შეფუთულ საარჩევნო ღონისძიებებში. ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში, ოპოზიციამ არ ჩაატარა ცალკე თავისი დასკვნითი ღონისძიება და ნაცვლად ამისა, „ენჯეოებმა“ ოპოზიციას დაუფინანსეს 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დასკვნითი ღონისძიება.
ეს ყველაფერი არის შორს ევროპული ღირებულებებისგან და უფრო მეტად და მეტად უახლოვდება იმას, რასაც სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები ებრძვიან ხოლმე. არის გამონათქვამი, რომ ის, ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად. ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, რომ იმდენად გართულნი არიან რუსეთთან ბრძოლით, იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი უწოდებენ არადემოკრატიულ ქცევას და ა.შ., რომ თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სხდომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.
საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებების, რომელზეც ხშირად საუბრობენ, დემოკრატიისა და ხალხების ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, რომ სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლებად ჩათვლიან მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ამიტომ ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის, რამდენად არიან ისინი ერთგული საკუთარი დეკლარირებული ღირებულებების“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.