რუსეთმა აქტიური შეტევა დაიწყო ზაპოროჟიეს მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, იტყობინება გენერალური შტაბი.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, რამაც მას მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენა. აგრესორმა ძირითადი ძალისხმევა პოკროვსკის, ტორეცკის, ლიმანის, ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ასევე, სუმის ოლქის რუსეთის ფედერაციასთან სასაზღვრო რაიონებზე გაამახვილა. ის მნიშვნელოვნად გაძლიერდა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც აქტიურ შეტევით მოქმედებებს ახორციელებს“, – აღნიშნა სირსკიმ.
მთავარსარდალმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მოწინააღმდეგეს.
„მაისში DeepStrike-ის იარაღმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 58 სამიზნეს დაარტყა – სამხედრო ობიექტებს და შეარყია აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობები. სამიზნეებს შორისაა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების ობიექტები და სადესანტო უპილოტო საფრენი აპარატები“, – აცხადებს სირსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა დასძინა, რომ კურსკის მიმართულებით ოპერაცია გრძელდება.