სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა რიჩარდ სულიკიმ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ურჩევნია, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები შეასრულოს გაზის საფასურის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„გაზის გათიშვა არ შეიძლება. ამიტომ, თუნდაც ეს ზოგიერთისთვის ძალიან პრაგმატული პოზიცია იყოს, გაზის ნაკადი არ უნდა შეწყდეს. თუ არსებობს პირობა, რომ გადავიხადოთ რუბლით, მაშინ მოდით, გადავიხადოთ რუბლით“, – განაცხადა სულიკიმ.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მრეწველობა ვერ გაძლებს რუსული გაზის გარეშე.
მისი თქმით, ამჟამად სლოვაკეთი ბუნებრივი აირის საჭიროებების 85%-ს რუსეთიდან იღებს. ახლა ცდილობს ამ მაჩვენებლის შემცირებას თხევადი გაზის იმპორტით, თუმცა, როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციიდან გაზის სრული ჩანაცვლებისთვის ტექნიკური პირობების შექმნას წლები სჭირდება – „სლოვაკეთს კი ექვსი კვირა აქვს გადახდის საკითხის მოსაგვარებლად – შემდეგი გადახდა 20 მაისამდე უნდა განხორციელდეს“.
ამასთან, სულიკიმ დაგმო მოსკოვის მოთხოვნა გაზის იმპორტის რუბლით გადახდაზე და მას არსებული ხელშეკრულებების დარღვევა უწოდა.