„24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი რუსული სამშვიდობო მისიის კონტროლის ზონაში და შეიჭრნენ ყარაბაღის სოფელ ფარუხში“, – აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აზერბაიჯანის ასეთი აგრესიული ქმედებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ოფიციალური ბაქო აგრძელებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების უხეშ დარღვევას, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედებები შეწყდა, მხარეები შეჩერდნენ თავიანთ პოზიციებზე და რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდა ხაზის გასწვრივ.
ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან არცახისთვის მიმწოდებელი ერთადერთი გაზსადენის მუშაობის სრული შეფერხება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვა დიდი კალიბრის იარაღით, მუქარა არცახის სომხებისთვის და სხვა ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იყო ეთნიკურ წმენდაზე. უფრო მეტიც, ბაქოს მსგავსი ქმედებები ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრ გამწვავებასთან ერთად სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
ჩვენ ველით, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარები, რომელთა პასუხისმგებლობის ზონაშიც ხდება პროვოკაცია, მიიღებენ ზომებს, რათა აზერბაიჯანის ჯარები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ თავდაპირველ პოზიციებზე და მკაცრად შეასრულონ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოხატოს მკაფიო შეფასება აზერბაიჯანის პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია სამშვიდობო პროცესის ჩაშლისკენ და წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისა და მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში“, – ვკითხულობთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მომხდარს გამოეხმაურა არცახის ომბუდსმენი და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საქციელი არის სილა კაცობრიობისთვის.
„აზერბაიჯანის კრიმინალური და ამპარტავნული საქციელი არის სილა მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის, რომელიც ჯიუტად აგრძელებს დუმილს“, – განაცხადა არცახის ომბუდსმენმა გეგა სტეპანიანმა.
სტეპანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ღიად და საჯაროდ ატარებს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის განადგურების „მასტერ კლასს“.