ირანის ისლამური პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შაჰრიარ ჰეიდარმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის საზღვრის დაცვა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ირანისთვის წითელი ხაზია და თუკი აზერბაიჯანი ირანის საზღვრებთან რაიმეს მოიმოქმედებს, მისივე განცხადებით, ირანის ხელისუფლება აუცილებლად რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
„რეგიონის გეოპოლიტიკის ცვლილება ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი წითელი ხაზია და ჩვენ არ ვეთანხმებით მეზობელ სომხეთის რესპუბლიკასთან ჩვენი საერთო საზღვრების ცვლილებას, რომელიც ძალიან კარგი მეზობელია. ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდა ამ ქვეყანასთან შორეული წარსულიდან მოყოლებული“, – განაცხადა შაჰრიარ ჰეიდარმა.
აქვე მან აღნიშნა, რომ უმჯობესია აზერბაიჯანმა არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში დაძაბულობას გამოიწვევს.
„საჭიროების შემთხვევაში, ირანიც მიმართავს სამხედრო ძალას, რომ მსგავსი რამ არ დაუშვას, მაგრამ ჩვენი რჩევა აზერბაიჯანისთვის ისაა, რომ სჯობს სომხეთთან პრობლემები დიპლომატიური საშუალებებით მოაგვაროს. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასევე გამოხატა მზადყოფნა იმოქმედოს როგორც შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“ – განაცხადა ირანის ისლამური პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.