დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. სტარმერმა ეს განცხადება კანადისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრების მსგავსი განცხადებიდან რამდენიმე წუთში გააკეთა.
განცხადებაში სტარმერი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ღაზაში კონფლიქტის დასრულებისა და ისრაელსა და პალესტინელებს შორის ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესის ნაწილია.
„დღეს პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის იმედის აღსადგენად, გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, – დაწერა მან X-ზე.
მისი თქმით, აღიარება „პრაქტიკული გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის საერთო ხედვის გარშემო გაერთიანებას… რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტიდან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებამდე მიგვიყვანს“.
„ჰამასი“ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვენი მოწოდება ორი სახელმწიფოს შექმნის რეალური გადაწყვეტის შესახებ მათი სიძულვილით აღსავსე ხედვის სრულიად საპირისპიროა“, – აღნიშნა სტარმერმა.
სტარმერი ამტკიცებს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა „ჰამასისთვის“ ჯილდო არ არის, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ჰამასს“ არ შეუძლია, ჰქონდეს მომავალი, არანაირი როლი მთავრობაში, არანაირი როლი უსაფრთხოებაში“.
„ჩვენ უკვე ავკრძალეთ და სანქციები დავუწესეთ „ჰამასს“ და კიდევ უფრო შორს წავალთ. მე დავავალე, მომდევნო კვირების განმავლობაში „ჰამასის“ სხვა ფიგურებს სანქციები დაუწესონ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელის ესკალაცია ღაზაში, დასახლებების მშენებლობა დასავლეთ სანაპიროზე და „ჰამასის“ ქმედებები ორი სახელმწიფოს შექმნის იმედს აქრობს.
„ღაზაში ადამიანის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ახალ სიღრმეს აღწევს“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ისრაელის მთავრობის მიერ „ღაზას სექტორის დაუნდობელი და მზარდი დაბომბვა, ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული შეტევა, შიმშილი და განადგურება სრულიად აუტანელია. ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათასობით, როდესაც ისინი საკვებისა და წყლის შეგროვებას ცდილობდნენ. ეს სიკვდილი და განადგურება ყველას გვაშინებს. ეს უნდა დასრულდეს“.