„სტრატეგია აღმაშენებელი ულტიმატუმს უყენებს მთლიანად პარლამენტს, რომ თუ მე ვინც მინდა, მხოლოდ იმას არ განიხილავთ, მაშინ მე არაფერში არ ჩავერთვები. რაში ჩართულან, რომ ამაში ჩართვა იყოს ახლა მნიშვნელოვანი? არც არაფერში ჩართულან აქამდე და ახლაც თუ არ ჩაერთვებიან, ამით არაფერი დააკლდება პროცესს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ყველა კანდიდატთან მოხდა გასაუბრება და პარლამენტს ახლა აქვს შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.
„ყველა კანდიდატთან მოხდა გასაუბრება, ზოგიერთმა კანდიდატმა საკმაოდ უხეშად, უპატივცემულო გამოხატვის ფორმით თავი აარიდა პარლამენტში გასაუბრებას, კონკრეტულად ჯანეზაშვილმა. ამით მან ფაქტობრივად, აჩვენა რომ ის სახალხო დამცველის რეალური კანდიდატი კი არა, ანგაჟირებული, გარკვეული პოლიტიკური პოზიციის გამომხატველი იყო. ამაში ნათლად გამოაჩინა თავისი თავი და ყველა მის თითქოსდა საქმიანობას, როცა უნდოდა, რომ მათ შორის, სასამართლოს საქმეში, როგორც ექსპერტი დამოუკიდებელი პოზიციის გამომხატველი ყოფილიყო. ყველაფერ ამას, თავისი ამ განცხადებით, ხაზი გადაუსვა. ჩვენ დავინახეთ ცხრამეტივე ადამიანის უნარები, შესაძლებლობები, მათი სახე, მათი განვლილი გზა და მათი მომავალი ხედვები. აქედან გამომდინარე, ჩვენი არჩევანი დღეს გაცილებით უფრო ინფორმირებული იქნება. ეს იყო ამ პროცესის მთავარი მიზანი, რომ პარლამენტს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ, როგორც ვთქვით, კანდიდატს არ ვაყენებთ, მაგრამ ცხრამეტივე ადამიანი კანდიდატად უკვე დაყენებულია, ამიტომ აქედან, ჩვენ ასარჩევი გვეყოლება – ერთი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.