ტაივანი ჩინეთის ნაწილია და ამას ვერავინ შეცვლის, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვეი ფენჰემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას.
„თუ ტაივანის საკითხი სათანადოდ არ განიხილება, ეს საზიანო გავლენას მოახდენს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე“, – დასძინა ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.