თბილისში, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში 22 წლის გოგოს ექიმებმა ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს.
ძლიერი ტკივილების გამო ოპერაციიდან 3 თვეში 22 წლის გოგომ სამედიცინო დაწესებულებას კვლავ მიმართა და სწორედ ამ დროს გაირკვა რომ მის სხეულში უცხო სხეულია.
ახალგაზრდა ქალს მეორე ოპერაცია ხელმეორედ უკვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მაკრატელია ადამიანის ორგანიზმში დატოვებული. ეს არის ექიმების შეცდომა. რენტგენი გადაუღეს და აღმოჩნდა, რომ მაკრატელია დატოვებული. ეს ნამდვილად არ არის პატარა შეცდომა. ასეთი რაღაცა ტელევიზორში მინახავს და მომისმენია“, – აცხადებს პაციენტის მეუღლე ხაია ლაშრალოვი საუბარში.
მომხდარს მარდალეიშვილის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლოლაძე „იმედთან“ საუბარში ძალიან ცუდ ფაქტს უწოდებს.
„ძალიან ცუდი ფაქტია. კლინიკაც და ექიმებიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს ამ პაციენტის და მისი ახლობლების წინაშე. ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ ათასში ერთი შემთხვევა ხდება, არსებობს ასეთი სტატისტიკა. ახლა მამშვიდეს ის ფაქტი, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია და იმედი მაქვს რომ მალე ბინაზე გავწერთ. რა თქმა უნდა, ვინც დასასჯელია დაისჯება. აქ არ არის ერთი ადამიანის შეცდომა. ეს არის კოლექტიური შეცდომა. გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა ოპერაცია და კოლექტივი გადაღლილი იყო“, – ამბობს გიორგი ლოლაძე.