ბრიტანული გაზეთი The Times ახალ სტატიაში უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას შემდეგნაირად ახასიათებს – „ბრძოლის ველზე სურათი არასოდეს ყოფილა ასეთი პირქუში“.
ამ ფონზე, გამოცემა განიხილავს ოთხ სცენარს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შესაძლოა საომარი მოქმედებები შეწყდეს.
პირველი სცენარი – „კიევის სამხედრო მარცხი“:
სტატიის ავტორის თქმით, აღნიშნული სცენარის მიხედვით, რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე და ომს გააგრძელებს, ხოლო უკრაინა დაკარგავს აშშ-ის მხარდაჭერას. ამან, შეიძლება საქმე მიიყვანოს უკრაინის სამხედრო კრახამდე, რაც გამოიწვევს ევროპაში მილიონობით ლტოლვილს და პოლონეთის საზღვართან რუსული ტანკების განლაგებას. The Times აღნიშნავს, რომ ტრამპი ასეთ შედეგს უფრთხის.
მეორე სცენარი – „ცუდი მშვიდობა“:
„რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა დამყარდა იმ ფონზე, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისას სუსტი პოზიციიდან იყო წარმოდგენილი“ – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შტატების დახმარების გარეშე, უკრაინა შესაძლოა იძულებული გახდეს, დანებდეს და მიიღოს სუსტი სამშვიდობო შეთანხმება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის დაყოფა და კიევში პრორუსული ხელისუფლების დამყარება.
მესამე სცენარი – „მინსკის შეთანხმების გაფორმების მსგავს პირობებში ცეცხლის შეწყვეტა“
ეს სცენარი მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას რაიმე მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების გარეშე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თუ ეს იქნება გარდამავალი ფაზა, რომელიც მიგვიყვანს სამშვიდობო შეთანხმებამდე და ომის დასრულებამდე, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს რეგიონული სტაბილურობა და უკრაინისთვის უზრუნველყოს ეკონომიკური გადარჩენა და უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, The Times იმასაც აღნიშნავს, რომ ტრამპის მრჩევლებს ესმით, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ცეცხლის შეწყვეტამ მუდმივი გადაწყვეტის გარეშე – კერძოდ კი, სტატიის ავტორის აზრით, ამან მომავალში შესაძლოა რუსული აგრესია გამოიწვიოს ისევე, როგორც ეს მინსკის პირველი და მეორე შეთანხმებების მარცხის შემდეგ მოხდა.
მეოთხე სცენარი – „კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით“.
ეს სცენარი გულისხმობს კონფლიქტის დარეგულირებას მოლაპარაკების გზით იმ ფონზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერით, უკრაინას შეეძლება მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით იყოს წარმოდგენილი, რაც მოიტანს შეთანხმებას, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეკონომიკური გადარჩენის გარანტი იქნება ისევე, როგორც რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის უსაფრთხოების ზომების მიღება. სტატიის ავტორის აზრით, ეს სცენარი ასევე მოიცავს ტრამპის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და უკრაინისთვის ფულისა და იარაღის გაგზავნის გაგრძელებას იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი საკუთარი ნებით იტყვის უარს მოლაპარაკებებზე. თუმცა, სტატიის მიხედვით, ეს სცენარი უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს და ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინა ტერიტორიებს 1991 წლის საზღვრებში აღიდგენს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ვარიანტები არ მოიცავს ნაკლებ სავარაუდო სცენარებს, როგორებიცაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიკვდილი, ან უეცარი და წარმატებული უკრაინული კონტრშეტევა.
სტატიის ავტორის აზრით, პუტინი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ მას უკრაინაზე გამარჯვების მოპოვება შეუძლია და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უნარი, პუტინს ეს თავდაჯერება გაუქარწყლოს იმაზეა დამოკიდებული, თუ ზემოთ მოყვანილი რომელი სცენარი იქცევა რეალობად.