ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

თქვენი არჩევანია, რით გადაადგილდებით, არავინ გზღუდავთ, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გადაადგილების მეტი შესაძლებლობა უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას.

კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ტრანსპორტთან დაკავშირებით დეპუტატ ცოტნე კობერიძის შეკითხვას უპასუხა.

„მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ – მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი. ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი – ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ, მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მე ძალიან ბევრნაირი ტრანსპორტით გადავადგილდები: საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავადგილდები მოტოციკლეტით, კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს ამ ტრანსპორტით სიარული, დავდივარ ველოსიპედითაც; ასევე, ჩემს შვილებთან ერთად, ძალიან ხშირად გადავადგილდები სკუტერითაც. ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდა ავტომობილით გადაადგილდით, გინდა მეტროთი, გინდა ავტობუსით, გინდა მიკროავტობუსით, არავინ გზღუდავთ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით „აჭარა ჯგუფთან“,  რომელმაც ძალიან კარგი პროექტები განახორციელა – ეს არის ელექტროსკუტერების, ელექტრომობილების შემოყვანა, ახლა ელექტროველოსიპედები შემოიყვანეს, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა ამ მიმართულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ცოტნე კობერიძის რეპლიკას, რომელმაც მეტროში ნაკადის მომწესრიგებლებს „მწყემსები“ უწოდა, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც უპასუხა.

„თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, არ მიკვირს, რა განცხადებასაც აკეთებთ, მაგრამ ვისაც „მწყემსები“ უწოდეთ, არიან ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის პატივცემული თანამშრომლები, რომლებმაც მეტროს ერთი ხაზიდან მეორეში გადასასვლელში მოძრაობა დაარეგულირეს და პიკურ საათებში პრობლემა არ გვაქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლებს, ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.  ჩვენ დავინახეთ, რომ ნაკადების მართვამ შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. „ფრი რაიდერებს“, ხმალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფასიანია და შესაბამისად, მგზავრობის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს, თუმცა არსებობს შეღავათიანი ტარიფები, ასევე, უფასო მგზავრობა მგზავრების გარკვეული კატეგორიისთვის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები