თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის, – ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
„თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, მას არ აქვს ადგილი მსგავსი განცხადებებისთვის და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ასე იქცევა ევროპის მიმართ“, – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში”,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.