კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ტარიფების დაწესებით აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, იხილოს კანადის ეკონომიკის კოლაფსი, რათა შემდგომ მისი ანექსია მოახდინოს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრუდომ უარყო ტრამპის მტკიცება, რომ კანადაში არც ერთი ამერიკული ბანკი არ მუშაობს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 16 ამერიკული ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა აქტივების ღირებულება დაახლოებით 113 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ეს არის მაგალითი იმისა, რომ მას [ტრამპს] არ შეუძლია გაიგოს, რა სურს“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.
მან ასევე დაამატა, რომ ამ ტარიფების ფენტანილის კრიზისით გამართლება „სრულიად მცდარი, სრულიად უსაფუძვლო, სრულიად შეცდომაში შემყვანია“.
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც მან [ტრამპმა] არაერთხელ თქვა, რომ მას სურს, იხილოს კანადის ეკონომიკის სრული კოლაფსი, რადგან ეს გააადვილებს ჩვენს ანექსიას“, – ხაზგასმით აღნიშნა ტრუდომ.
მისივე თქმით, „ეს არასოდეს მოხდება“ და კანადა „არასოდეს გახდება 51-ე შტატი“.
ამავე დროს, ტრუდომ აღიარა, რომ ტრამპის ქმედებებმა შესაძლოა, კანადის ეკონომიკა დააზარალოს.
„მაგრამ ის მალე გაიგებს, როგორც ამერიკელი ოჯახები გაიგებენ, რომ ეს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს დააზარალებს. ამერიკელები სამსახურს დაკარგავენ, მეტს გადაიხდიან საკვებში, გაზში, მანქანებში, სახლებში, რადგან ერთად მუშაობისას ყოველთვის უკეთეს შედეგს ვაღწევდით“, – დაასკვნა კანადის მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა კანადისა და მექსიკის იმპორტის უმეტესობაზე 25%-იანი ტარიფი დააწესა და ჩინეთის იმპორტზე არსებული 10%-იანი ტარიფი 20%-მდე გააორმაგა.
საპასუხოდ, ტრუდომ გამოაცხადა 25%-იანი ტარიფები 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე.