ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გაძლიერებით შეშფოთებულია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ თურქეთისგან ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები შეიძინა. ასევე ცხინვალი საქართველოში სამხედრო წვრთნების, „კავკასიის არწივი-2022“-ის ჩატარებას აპროტესტებს.
„საქართველოს მიერ საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერება და მოდერნიზაცია სამხრეთ ოსეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ოფიციალური თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებებს არ იღებს და სამხრეთ ოსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ატარებს, რასაც შეიძლება სიტუაციის დესტაბილიზაცია მოჰყვეს და ამან სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობა გაზარდოს“ – აცხადებენ ცხინვალში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ თბილისის მიერ უცხო ქვეყნების მონაწილეობით რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ ძალისხმევას აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი წვრთნები „კავკასიის არწივი-2022“ ტარდება. წვრთნების მიზანია ამ ქვეყნების სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედების კოორდინაცია და სინქრონიზაცია, ასევე გამოცდილების გაზიარება, ოპერატიული თავსებადობის ამაღლება და მართვის გაუმჯობესება მრავალეროვნულ ძალებში.