ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 3, 2024 21:39 საათი

თბილისი

Dec 3 - Tue
Tbilisi, GE
1°C clear sky

უკრაინა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როცა მისი მისამართით ყველა მხრიდან საყვედურები ისმის – Washington post

Washington post სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, როგორ უყურებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის კონტრშეტევის ამჟამინდელ შედეგებს.

სტატიის მიხედვით, ზაფხულის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევის ნელი პროგრესის შეფასებისას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად განიხილავენ კიევთან იმას, რაც „გამოტანილ გაკვეთილად“ მიაჩნიათ. ხოლო ადმინისტრაციის დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ომი, სავარაუდოდ, მომავალ წელზეც გადავა, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კი ურყევად უნდა დარჩნენ თავის პოზიციაზე და უკრაინას წინსვლის გაგრძელებაში დაეხმარონ.

„ბოლო დღეებში იგივე პოზიცია მესმოდა აშშ-ის მთავრობის ყველა დონეზე – ზაფხული იმედგაცრუებით სრულდება და გარკვეულწილად, ის გულდასაწყვეტია უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ სწრაფი, დიპლომატიური გამოსავალი ეძებონ, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების უმრავლესობა მეტად, ვიდრე ოდესმე, დარწმუნებული ჩანს კიევის ურყევი მხარდაჭერის აუცილებლობაში. მათი აზრით, შეერთებული შტატები ვერ მიატოვებს თავის მოკავშირეს“, – წერს სტატიის ავტორი.

იმ პერიოდში, როცა მედიაში დაიწერა, რომ მაღალი თანამდებობის პირები ანონიმურად პესიმიზმს გამოხატავდნენ უკრაინის პროგრესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა – „ჩვენ არ ვთვლით, რომ კონფლიქტი ჩიხშია შესული“. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, „კიევისთვის ხასიათის გამოსასწორებლად“ სალივანმა დასძინა – „ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაკავებას მეთოდური, სისტემური მიდგომებით“. 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები არ აკრიტიკებენ უკრაინელი მეთაურების მხრიდან კონტრშეტევის წარმოების მეთოდებს. როგორც Washington post წერს, ისინი თავის კოლეგებს დეტალურ ინსტრუქციებს სთავაზობენ და აღიარებენ კიდეც, რომ არც ერთ ამერიკელ ოფიცერს არ მიუღია მონაწილეობა პირველი მსოფლიო ომის სტილში მიმდინარე ისეთ დაუნდობელ და სასტიკ ბრძოლებში, როგორის წინაშეც დღეს უკრაინა დგას.

„ამ შეფასების ამოსავალი წერტილი იმაში მდგომარეობს, რომ ნაკლებსავარაუდოა, უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვას მიაღწიონ და რუსეთს ზამთრამდე მოურღვიონ სახმელეთო გზა ყირიმამდე, როგორც ამას იმედოვნებდნენ“, – წერს სტატიის ავტორი და აქვე დასძენს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირებს ამ დრომდე სჯერათ უკრაინელთა შესაძლებლობის – გასცდნენ რუსების პირველ და მეორე თავდაცვით ხაზებს და წელს, მნიშვნელოვნად შეასუსტონ მათი პოზიციები – „აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ კიევის საარტილერიო დანაყოფებს შეუძლიათ სწრაფად გადაადგილდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, რაც რუსულ ძალებს დააბნევს“. 

თუმცა, სტატიის ავტორი წერს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე არ განახორციელებს გადამწყვეტ დარტყმას.

„რაც იმის მაუწყებელია, რომ ეს დამქანცველი ომი 2024 წელს და შემდეგაც გაგრძელდება. ეს კი ასევე გულისხმობს მძიმე მსხვერპლს და ემოციურ ტრავმებს ორივე მხარისთვის“. 

როგორც გამოცემა ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღად „სტრატეგიული მოთმინება“ რჩება.

რა რჩევებს იღებს უკრაინა პენტაგონისგან?

 

პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა თავიანთ უკრაინელ კოლეგებს მოუწოდეს, უკეთ დასახონ პრიორიტეტები და თავიანთი ძალების კონცენტრირება პოტენციური გარღვევის წერტილებზე მოახდინონ ფრონტიდან 1000-მდე კილომეტრის გასწვრივ.

„ამერიკელ მეთაურებს უკვე დიდი ხანია, მიაჩნიათ, რომ უკრაინელები საარტილერიო ცეცხლს ხარჯავენ ბარიერების დარღვევაზე, რაც საბჭოთა ტაქტიკას ემსგავსება. აშშ-ის გათვლით, უკრაინელებმა ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიონი გასროლა განახორციელეს 155 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარებიდან, რამაც დასავლური მარაგები თითქმის ამოწურა. აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინას მოუწოდებენ, ამის ნაცვლად, საარტილერიო მარაგები უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის შემოინახონ და ისინი საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევისთვის გამოიყენონ“, – ნათქვამია სტატიაში.

Washington post-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა პენტაგონიდან უკრაინას ასევე მოუწოდეს, ნაკლებად დაეყრდნონ დრონებს ბრძოლის ველზე და მეტი დატვირთვა მიიტანონ სახმელეთო დაზვერვის ძალებზე, რომლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეაფასონ რუსების პოზიციები.

„მათ კიევზე ზეწოლა მოახდინეს, რომ უფრო მეტი თავისუფლება მისცენ უმცროს ოფიცრებს. ბოლო კვირების განმავლობაში ამ საკითხებზე მწვავე დისკუსია იყო, თუმცა, ამერიკული მხარე თვლის, რომ უკრაინელები დადებითად რეაგირებენ“, – წერს სტატიის ავტორი. 

როგორც შეიძლება იმოქმედოს უკრაინამ?

 

„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული ძალები გამოუვალ მდგომარეობაში არიან, აშშ-ის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო მეტად შეეცდება ომის რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმში გადატანას“, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ მხოლოდ პარასკევს, ყირიმის მიმართულებით 42 დრონის და მოსკოვის მიმართულებით რაკეტის დამიზნებით (რუსული წყაროების მიხედვით), შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა გველის წინ. 

„ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ის არ წაახალისებს უკრაინელების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა, ოფიციალური პირები მეტს ელიან“, – ნათქვამია სტატიაში. 

სტატიის დასასრულს, ავტორს სამხედრო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლის მაგალითად, რომელიც უფრო ძლიერი ძალის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, მაგრამ გამარჯვებით დასრულდა, ამერიკის რევოლუცია მოჰყავს, როცა ბრიტანულმა ძალებმა საბოლოოდ უკან დაიხიეს.

„უკრაინა ახლა ისეთ სეზონშია შესული, როცა მისი მისამართით ყველა მხრიდან საყვედურები ისმის კონტრშეტევის ნელი ტემპის გამო, მაგრამ ეს ომი დასრულებისგან შორს არის“, – წერს ავტორი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები