უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
სასანქციო სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, მისი შვილი ტატე მამაცაშვილი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის რძალი ქეთევან ხარაძე.
სანქციების სიაში შემავალ პირებს ეყინებათ აქტივები უკრაინის ტერიტორიაზე, ეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციების შესრულება, ეკრძალებათ უკრაინის გარეთ კაპიტალის გატანა. უქმდება როგორც ფინანსური და ეკონომიკური ვალდებულებები, ისე ლიცენზიები და სხვა ნებართვები. ასევე, ეკრძალებათ უკრაინაში უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა. ამ პირთა მიმართ რიგი სხვა შეზღუდვებიც იმოქმედებს.