უკრაინის „ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხთა სახელმწიფო სამსახურმა“ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფილირებულ ორგანიზაციად აღიარა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.
„2025 წლის 27 აგვისტოს უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კიევის მიტროპოლიის აღიარების შესახებ, როგორც უცხოურ რელიგიურ ორგანიზაციასთან აფილირებულისა, რომლის საქმიანობა აკრძალულია უკრაინის კანონის „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“ მე-3 მუხლით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
საჯარო სამსახურმა მიტროპოლიას კანონმდებლობის დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება დაუდო.
„თავის წერილში, მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე,“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც რუსულ ეკლესიასთან აფილირებულის, ოფიციალურად აღიარება შეიძლება გახდეს სასამართლოს გზით მისი სრული აკრძალვის საფუძველი.
მანამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა აღნიშნა, რომ კიევის ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა კანონიკური ეკლესიის აკრძალვის გადაწყვეტილების აუცილებლობა და პროპორციულობა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024 წლის აგვისტოში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კრძალავს.