პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი, ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტის ბრალდებას გამოეხმაურა.
ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ერთ-ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს უკრაინელ ჯარისკაცებს.
„თუ ტყვედ ჩაბარება გადაწყვიტე, მერე კი უცებ იარაღს იღებ, მაშინ შენ არ ხარ გმირი, რომელიც წინააღმდეგობას უწევ ვინმეს, არამედ შენ ჩადიხარ სამხედრო დანაშაულს ჟენევის კონვენციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
ასევე, მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ ტყვედ ჩაბარების მსურველი საფრთხეს არ წარმოადგენს, უნდა მიიღოს მან, ვინც მას ტყვედ ჩაიბარებს.
„ჩვენ არ ვიცით და ვიდეოდან ვერ ვიგებთ, როგორ იქცეოდნენ ისინი, ვინც მიწაზე იწვა ან ზოგიერთი მათგანი მაინც, და რა ვითარებაში დაიღუპნენ, თუ ისინი მართლაც გაანადგურეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან“, – აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმაც.
მისი თქმით, ვიდეოს ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩაბარების ინსცენირება გამოიყენეს სამხედრო დანაშაულის ჩასადენად და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს.
„ასეთ შემთხვევაში რუსი სამხედროები არ შეიძლება, ჩაითვალონ სამხედრო ტყვეებად. ხოლო საპასუხო ცეცხლი უკრაინელების მხრიდან არ არის ომის დანაშაული. პირიქით, ის რუსი სამხედროები, რომლებმაც ისარგებლეს საერთაშორისო სამართლის დაცვით მკვლელობისთვის, უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ახლა გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.