ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 14, 2024 05:46 საათი

თბილისი

ივლ 14 - კვი
Tbilisi, GE
22°C clear sky

უკრაინის კონფლიქტში ევროპული ინტერესები ამერიკულს არ ემთხვევა – ნიკოლა სარკოზი

უკრაინის კონფლიქტში ევროპული ინტერესები ამერიკულს არ ემთხვევა. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, უკრაინა არც ნატოს, არც ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს და ის რუსეთსა და ევროპას შორის ნეიტრალური ხიდის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

Le Figaro: 2008 წელს თქვენ ვლადიმერ პუტინზე ნაწილობრივ შეძელით გავლენის მოხდენა. დღეს კი მას არავისი მოსმენა არ სურს.

სარკოზი: მიუხედავად იმისა, რომ რუსები და ევროპელები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ჩვენ ისინი გვჭირდებიან, ჩვენ კი მათ ვჭირდებით, რუსები სლავები არიან. და ეს განსხვავება ხშირად ისტორიაში ბევრ პრობლემას და გაურკვევლობას იწვევდა. მეც მქონდა აზრთა სერიოზული სხვაობები ვლადიმერ პუტინთან, როდესაც 2007 წელს პრეზიდენტის მოვალეობებს შევუდექი.

მე შევძელი ის დამერწმუნებინა, რომ რუსული ტანკები უკან გაეყვანა, რომლებიც თბილისიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში იმყოფებოდნენ. მანამდე მან ტანკები სამხრეთ ოსეთში შეიყვანა. მაგრამ, ამასთანავე, მე და ანგელა მერკელმა ვაჩვენეთ მას, რომ უნდა იცოდეს „წითელი ხაზების“ შესახებ. სწორედ ამიტომ ვუთხარით უარი უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, აშშ-ის მხრიდან ძლიერი ზეწოლის მიუხედავად. ჩვენ არ შეგვეძლო მიგვეცა პუტინისთვის შესაძლებლობა, რომ „ანტიდასავლურ პარანოიაში“ ჩაფლულიყო, რომელიც რუსეთის ლიდერებს დიდი ხანია აწუხებს. „კრემლის ალყაში მოქცევის“ კომპლექსი – ძველი ისტორიაა. პუტინი მართალი არ იყო. რაც მან უკრაინაში გააკეთა, სერიოზული ნაბიჯი იყო და ამან სრული კრახი განიცადა. მაგრამ ამას რომ ვამბობთ, წინ უნდა წავიდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ, რუსეთი ხომ ევროპის მეზობელი არის და დარჩება.

Le Figaro: პრეზიდენტი მაკრონიც თავიდან ცდილობდა, მაგრამ ის მოატყუეს…

სარკოზი: პრეზიდენტ მაკრონის ინტუიცია სწორი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ბოლომდე არ წავიდა, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ზეწოლის შედეგად. მე მეუბნებიან, რომ ვლადიმერ პუტინი ის ადამიანი აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი. ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. მე მას ბევრჯერ ვესაუბრე. ის საღ გონებაზეა. ამიტომ, ჩვენ ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ამ საკითხში ხომ ევროპის ინტერესები ამერიკულს არ შეესაბამება.

შეუძლებელია ამ უცნაური იდეის განხორციელება – აწარმოო შეიარაღებული კონფლიქტი და მასში მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენი სტრატეგია უფრო ნათელი უნდა გავხადოთ, განსაკუთრებით თუ ეს კონფლიქტი გაიწელა. დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები მისაღები გადაწყვეტილებისთვის ერთადერთი საშუალებაა. კომპრომისის გარეშე არაფერი გამოვა და ჩვენ ნებისმიერ მომენტში სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის რისკის წინაშე ვდგავართ. ეს დენთის კასრია და მას საშინელი შედეგის მოტანა შეუძლია,

Le Figaro: მოკავშირეები ამბობენ, რომ უკრიანას „ბოლომდე“ დაუჭერენ მხარს. ეს ასეა?

სარკოზი: ეს ძალზე გაბედული და კონკრეტული სიტყვებია. მაგრამ რას ნიშნავს „ბოლომდე“?

ნიშნავს თუ არა ეს დონბასის, ან ყირიმის დაბრუნებას? ან სულაც მოსკოვამდე სვლას? რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის მიერთება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო. მაგრამ, როდესაც საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც 1954 წლადმე რუსული იყო, და სადაც მოსახლეობის უმეტესობა თავს ყოველთვის რუსებად თვლიდა, მიმაჩნია, რომ წარსულისკენ ნებისმიერი დაბრუნება არის ილუზია. ჩემი აზრით, არსებული სიტუაციის გასარკვევად აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კონტროლის ქვეშ გაიმართება.

Le Figaro: და რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არსებულ სადავო ტერიტორიებს? აქ რა ხდება?

სარკოზი: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია ადგილზე. უკრაინელები. ბუნებრივია, შეეცდებიან იმის დაბრუნებას, რაც უსამართლოდ წაართვეს. მაგრამ თუ ამას მთლიანად ვერ შეძლებენ, არჩევანი იქნება „გაყინულ“ კონფლიქტს შორის, რასაც, როგორც ჩვენ ვიცით, აუცილებლად მოჰყვება ახალი გართულება, და ახალ რეფერენდუმებს შორის, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კონტროლის ქვეშ გაიმართება, რათა ეს ტერიტორიული საკითხები საბოლოოდ და მკაფიოდ იყოს მოწესრიგებული.

Le Figaro: თქვენ ამას ამბობთ და თქვენ, ფაქტობრივად, ერთადერთი ხართ, ვინც ღიად ამის თქმას ბედავს და ეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღშფოთებას იწვევს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა არც ევროკავშირში, არც ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს და რომ ის ნეიტრალურად უნდა დარჩეს, მაგრამ პუტინი ხომ ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა ევროპას „ჩაახუტოს“?

სარკოზი: პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა არის უკრაინის დანიშნულება. უნდა შევიდეს ის თუ არა ევროკავშირში? მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, უკრაინა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლია. და ასეთად უნდა დარჩეს. ახლა მას ცრუ დაპირებებს აძლევენ, რომლებიც არ იქნება შესრულებული. ასეთივე დაპირებებს თურქეთს აძლევდნენ მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

ეს მარტო იმიტომ არ ხდება, რომ უკრაინა არ არის მზად და იმ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ. არამედ იმიტომ, რომ ის ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. მე ვერ ვხედავ, თუ როგორ შეიძლება ეს ნეიტრალიტეტი მისთვის დამამცირებელი იყოს. მეტიც, ის შეიძლება გარანტირებული იყოს საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც უსაფრთხოების ძალზე ძლიერ გარანტიებს ითვალისწინებს, რომ ქვეყანა ნებისმიერი რისკისგან იყოს დაცული.

Le Figaro: ეს იმათ შეშფოთებას იწვევს ძველ კონტინენტზე, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინა უკვე ევროპაშია და ამაში მაღალ ფასს იხდის…

სარკოზი: მე შემიძლია მათ გავუგო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და რეალისტები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, უკრაინა არის ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის. როდესაც კიევს მათ შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ, ეს, ჩემი აზრით, ამ რთული რეგიონის გეოგრაფიას და ისტორიას ეწინააღმდეგება. და ძალიან არასერიოზულია მოსაზრება, რომ ვლადიმერ პუტინის წასვლით რამე შეიცვლება.

ნიკოლა სარკოზი (ფრანგ. Nicolas Sarkozy, სრული სახელი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში. თანამდებობა დაიკავა 2007 წლის 16 მაისს მას შემდეგ რაც არჩევნებში დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი სეგოლენ რუაიალი. მისი მეტსახელია „სარკო“ (Sarko), რომელსაც ეძახიან როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე ოპონენტები.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები