რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„უკრაინაში ომი კვლავ მძვინვარებს. სამწუხაროდ, კრემლმა გადადგა უპასუხისმგებლო ესკალაციური ნაბიჯები: დაიწყო ეროვნული მობილიზაციის კამპანია, მოჩვენებითი იძულებითი „რეფერენდუმები“ და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია. პუტინი აგრძელებს მუქარის რიტორიკას. ამ მოვლენების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და მტკიცე რეაგირების თვალსაზრისით.
ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ შემზღუდველი ზომების გაძლიერებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რათა მოსკოვმა დაასრულოს ომი“, – აცხადებს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ, თუ როგორ დავიცვათ ევროპის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
„უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას.
ჩვენ შევაფასებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და დავგეგმავთ ახალ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ევროპული კარგად კოორდინირებული რეაგირების უზრუნველსაყოფად.
განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს – მაღალი ფასები,სამუშაო ადგილები. ჩვენი უმთავრესი მიზანია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა,რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან გადასახადების ზრდას. ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მთავარი იქნება ჩვენი უნარი ვიყოთ ერთიანი და პასუხისმგებლობით ,სოლიდარობის სულისკვეთებით კოორდინირებულად ვიმუშაოთ საერთო ინტერესების დასაცავად“, – დასძენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.