უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კატასტროფულად არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა, რაც ფრონტის ხაზზე საბრძოლო სულისკვეთებას ამცირებს. კადრების დეფიციტი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემაა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძვის, განაცხადა, რომ მის დანაყოფში ამჟამად 40 სამხედროა, მაშინ როდესაც წესით 200 ადამიანი უნა იყოს.
„კიევში მობილიზაციის შესახებ დებატები მიმდინარეობს. დავობენ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად უნდა ჩატარდეს ეს მობილიზაცია. ამით წინა ხაზზე მყოფი სამხედროები ძალზე გაბრაზებულები არიან“, – ამბობს კიდევ ერთი ქვედანაყოფის მეთაური, რომლის ვინაობა არ სახელდება.
ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის თქმით, მისი ქვედანაყოფი საშუალოდ 35%-ით არის დაკომპლექტებული და ახლა პრაქტიკულად ყველა სამხედრო დანაყოფში ასეთივე სიტუაციაა.
სამხედროები ამბობენ, რომ ასეთმა სიტუაციამ შეიძლება ფრონტის ჩამოშლა გამოიწვიოს, ანუ განმეორდეს იგივე, რაც 2022 წელს რუსულ ძალებს ხარკოვის ოლქში მოუვიდათ.
ცნობისთვის, 7 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს „მობილიზაციის შესახებ“.