„ვინც დღეს ლაპარაკობს, რომ სააკაშვილი პუტინმა მოწამლა, თაღლითია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
მისი თქმით, თაღლითობის ახალი ეტაპი დაიგეგმა.
„განცხადებები, რომელიც ადრე არ იყო აქტუალური და უცებ გააკეთა ყველა მის გარშემო მყოფმა ადამიანმა, მიუთითებს იმაზე, რომ თაღლითობის რაღაც ახალი ეტაპი დაიგეგმა. თუკი სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს უნდა მოხდეს არა იმის საფუძველზე, გაპარსულია თუ გაუპარსავია, თმებდავარცხნილია, დაუვარცხნელი თუ მოუვლელია, ზოგადად, კონკრეტული პატიმარი, არამედ რამდენად კომპეტენტურია სამედიცინო ექსპერტების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ვერ გადარჩება, ჩვენი სამედიცინო სისტემა არ ვარგა და ვერ მიხედავს მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს.
ასეთი მონაცემები არ არსებობს. იგი მოწამლეს, მოწამლა რუსეთმა, მოწამლა პუტინმა, გამოყენებულია ცნობილი მომწამლავი ნივთიერება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ვინც ამას დღეს ლაპარაკობს, თაღლითია“, – აცხადებს მმართველი გუნდის წევრი.