ლიეტუვა-ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე, ლიეტუვის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ლიეტუვის გაზის გადამცემი ოპერატორის, „ამბერ გრიდის“ ინფორმაციით, გაზსადენზე თავდასხმის რაიმე მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ინციდენტის გარემოებების შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ნემუნას ბიკნიუსმა, Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
აფეთქება Amber Grid-ის მთავარ გაზსადენზე მოხდა.
„ვფიქრობ, საუბარია ტექნიკურ გაუმართაობაზე. ვგულისხმობ, რომ თავად მილსადენი საკმაოდ ძველია, დაახლოებით 40 წლის. ვფიქრობ, ძალიან სავარაუდოა, რომ ეს არის ტექნოლოგიური პრობლემა.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვა შესაძლებლობებს, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ტექნიკური ხარვეზია, რომელიც უნდა აღვადგინოთ. ხვალ დილით უკვე გვექნება ეს პროცესები და მილსადენი რამდენიმე დღეში შეკეთდება“, – განაცხადა ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის დირექტორმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა.