„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც, ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესაცვლელად.
მისი თქმით, 12 პუნქტიდან უმეტესობა პრაქტიკულად უკვე შესრულებულია, თუმცა, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება პოლარიზაციის საკითხი.
„12 პუნქტიდან დარჩენილია სამი საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია. ამ სამიდან ორი ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და თითოეულ ფრაზას დეტალურად მივყვებით. არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როცა პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში იმის ნაცვლად, რომ ის გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, როდესაც საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.