ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
11°C clear sky

აფრიკის ორ ქვეყანაში, ტანზანიასა და ეკვატორულ გვინეაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ეს ვირუსი ისეთივე სასიკვდილოა, როგორც ებოლას ციებ-ცხელება – france24

აფრიკის ორ ქვეყანაში, ტანზანიასა და ეკვატორულ გვინეაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ეს ვირუსი ისეთივე სასიკვდილოა, როგორც ებოლას ციებ-ცხელება. ინფორმაციას france24 ავრცელებს.

ამ ორ ქვეყანაში საგანგაშო სტატისტიკის შესახებ 21 მარტს გახდა ცნობილი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა ეკვატორიულ გვინეაში. აქ ვირუსის გამოჩენის შემდეგ საერთო ჯამში 15 დადასტურებული შემთხვევაა. ამასთანავე არსებობს იმის ალბათობა, რომ ოფიციალური სტრუქტურების რეალურ ციფრებს მალავენ.

მარბურგის ვირუსს თან ახლავს პირღებინება, დიარეა და მაღალი სიცხე. პირველად ეს ვირუსი 1967 წელს გერმანიის ქალაქ მარბურგში აღმოაჩინეს. 1970-იან წლებში ვირუსის რამდენიმე ეპიდემია აფრიკაში დაფიქსირდა. ეს, დაახლოებით 3-4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსის ადამიანს ღამურისგან გადაეცემა – კერძოდ საუბარია ეგვიპტის ხილის ღამურაზე. ვირუსი ასევე ადამიანს შეიძლება შუამავლის გავლით გადაეცეს, რომელიც ყველაზე ხშირად არის მაიმუნი. მარბურგის ვირუსიც და ებოლაც ფილოვირუსების ოჯახს მიეკუთვნება და ამ ვირუსებით ინფიცირების შემთხვევაში გარდაცვალების საფრთხე 90%-ს უდრის. სტატისტიკის მიხედვით, კონგოში ამ ვირუსის ეპიდემიის დროს 1998-2000 წლებში 154 ინფიცირებული პაციენტიდან 128 გარდაიცვალა. 4 წლის შემდეგ ანგოლაში ამავე ვირუსით 252 ინფიცირებულიდან 227 გარდაიცვალა. სწრაფი სამედიცინო დახმარების შემთხვევაშიც კი გარდაცვალების რისკი 50%-ს აღწევს.

ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ მარბურგის ვირუსი ებოლაზე საშიშია. მისგან ვაქცინა არ არსებობს. ებოლას წინააღმდეგ ვაქცინა 2014 წლის ცნობილი ეპიდემიის შემდეგ შეიქმნა. „ებოლას ვირუსის გავრცელებამდე ვაქცინაზე მუშაობა არ ყოფილა. ებოლას წინააღმდეგ ვაქცინა დაჩქარებული წესით შეიქმნა. იგივე იქნება, სავარაუდოდ, მარბურგის ვირუსის შემთხვევაშიც“ – განაცხადა ეპიდემიოლოგმა მუნიოს-ფონტელამ.

ებოლას ეპიდემიას, რომელიც 2014-2015 წლებში დასავლეთ აფრიკაში მძვინვარებდა 11 ათას  ადამიანამდე ემსხვერპლა. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ჯანმოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მარბურგის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფი ტემპებით შეიქმნება და მისი გამოცდა სწორედ ტანზანიასა და ეკვატორიულ გვინეაში მოხდება.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ექსპერტების თქმით, გლობალური დათბობა ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოა. ასევე ამას ხელს უწყობს ადამიანის და ველური ბუნების სულ უფრო აქტიური ურთიერთობა – ანუ ახალი დასახლებების მშენებლობა ბუნების წიაღში, სადაც თავისუფლად შეიძლება აქამდე უცნობი ან ნაკლებად უცნობი ვირუსით ინფიცირება.

გარემოზე ადამიანის ზეგავლენის გაძლიერება – ერთ-ერთი ვერსიით, Covid-19-ის პანდემიის მიზეზიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამასთანავე, მარბურგის ვირუსის შემთხვევაში მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში და გლობალური პანდემია ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი ადამიანი გადამდები მაშინ ხდება, როდესაც ვირუსი სიმპტომებს იჩენს – ანუ ეს, როგორც წესი, ინფიცირებიდან 21 დღის განმავლობაში ხდება. შესაბამისად უსიმპტომო პაციენტისგან გადაცემის რისკი თითქმის ნულის ტოლია.

მეორეს მხრივ, მარბურგის ვირუსი კორონავირუსთან შედარებით ნაკლებად გადამდებია. თუ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, მარბურგის ვირუსის გადასაცემად ინფიცირებული პირის ბიოლოგიურ სითხესთან კავშირი არის აუცილებელი.

ამ დროისთვის მარბურგის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავება საწყის ეტაპზეა. ჯანმოს ინფორმაციით მიმდინარე აფეთქებების რისკი რეგიონში „საშუალო დონეზეა“. საერთო ჯამში რამდენად საშიშია ეს დაავადება, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ტანზანია საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებს ესაზღვრება, ხოლო საზღვრებზე კონტროლი აფრიკულ ქვეყნებში ძალზე ცუდია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები