„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები არ არის გამოფენილი და აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც ფეისბუკზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო.
კობახიძის თქმით, თუ რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამ კითხვას გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა.
„ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად ესენი არიან „ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად, ფეისბუკზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ესაა მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.