რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ იმ ტერიტორიების კონტროლი სურს, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც რუსული.
შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს? პესკოვმა უპასუხა:
„არა, არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ ოპერაციას“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმები“ 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩაატარა. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებებს“ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.