ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

შეუჩერებს თუ არა სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას?

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს ხელმძღვანელობით პოპულისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. მანამდე ამ უკანასკნელმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე ისაუბრა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით კიევის გეგმებს „გულუბრყვილო“ უწოდა. თუმცა მის პარტიას კოალიციის მოკავშირეები ჯერ არ მოუძებნია. აღნიშნული თემის დეტალები BBC-მ გაარკვია.

 

რა ხდება?

 

პარტიამ „კურსი-სოციალური დემოკრატია“ (SMER) ხმების თითქმის 24%-ი მიიღო. არადა,  გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში ლიბერალურ-ცენტრისტულ პარტიას უნდა გაემარჯვა. სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო კოალიციური მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ლიბერალურმა პარტიამ „პროგრესული სლოვაკეთი“, რომელსაც ანალიტიკოსების პროგნოზით უნდა გაემარჯვა, დაახლოებით 17%-ი მოიპოვა. პროევროპული პარტია „ხმა“ (HLAS), რომელმაც შეიძლება მომავალი მთავრობის ფორმირებაზე იქონიოს გავლენა, 15%-ით მესამე ადგილზეა. შესაძლოა, ახალ პარლამენტში 10-მდე პარტია იყოს წარმოდგენილი, რაც კოალიციის შექმნის პროცესს ხანგრძლივ და რთულ პროცესად აქცევს.

 

„სლოვაკი ორბანი“

 

ფიცოს პარტია „სუვერენული საგარეო პოლიტიკის“ აუცილებლობაზეა ორიენტირებული. ის აშშ-სა და ევროკავშირს შორის „თანასწორუფლებიან ურთიერთობებს“ ემხრობა და უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებაზე ამახვილებს ყურადღებას. „SMER-ი აგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის გაჭიანურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს. რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება კი არ იცვლება“, – ნათქვამია პარტიის პროგრამაში.

აღნიშნული გაერთიანების წარმომადგენლები უკრაინისთვის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ემხრობიან. თავად ფიცო ღიად იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს, რომელთაც რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე იმეორებდა. „მე ამას ხმამაღლა და გარკვევით ვამბობ: ომი უკრაინაში არც გუშინ და არც შარშან დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინელმა ნაცისტებმა და ფაშისტებმა დონბასსა და ლუგანსკში რუსების ხოცვა დაიწყეს“, – განაცხადა ფიცომ აგვისტოში, თავის მშობლიურ ქალაქ ტოპოლჩანში გამართულ მიტინგზე.

რობერტ ფიცო არა მხოლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე დებს პირობას, არამედ იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატების ხელში მარიონეტად იქცა და სლოვაკეთის პრეზიდენტს ჯორჯ სოროსთან ანტისლოვაკურ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით კი – ყირიმის დეოკუპაციის იმედს „გულუბრყვილოდ“ მიიჩნევს. „ფიცო და მისი პოტენციური კოალიციური პარტნიორები, ისევე, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, პუტინს ეთაყვანებიან. ამიტომაც მისი ხელისუფლებაში მოსვლა მთელი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – წერდა მეზობელ ჩეხეთში გამოქვეყნებული ჟურნალი Respekt-ი. იმავე სულისკვეთებით აფასებს ფიცოსა და სლოვაკეთის პერსპექტივებს მრავალი სხვა ევროპული თუ ამერიკული გამოცემა, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში სლოვაკეთის არჩევნების შესახებ წერდნენ.

 

არც ისე მარტივი კოალიცია

 

ვინაიდან აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, სლოვაკეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ შეძლებს კოალიციური უმრავლესობის შექმნას. იქნება ეს მემარცხენე პოპულისტი ფიცო თუ მისი მოწინააღმდეგე ლიბერალური პარტია. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული გამოკითხვების მიხედვით მესამე ადგილზე გასულ პოლიტიკურ სუბიექტზე და ეს არის ფიცოს ყოფილი მოკავშირის, პიტერ პელეგრინის პარტია „ხმა“. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პატარ-პატარა პარტიების შედეგებიც. თუ მთავრობა რობერტ ფიცომ ჩამოაყალიბა და მისი კოალიციური პარტნიორები გახდნენ რუსოფილი ულტრამემარჯვენე სლოვაკეთის ნაციონალური პარტია, რომელმაც ხმების 5%-ი  მიიღო და ნატოს მოწინააღმდეგე “რესპუბლიკა” (მას 8%-ი აქვს), სავარაუდოდ, უკრაინას მუდმივი სამხედრო დახმარებისა და ნატოს წევრობის მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ფიცომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას “მესამე მსოფლიო ომის გარანტია” უწოდა.

 

კიევის მორიგი თავის ტკივილი

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ფიცოს პარტიის გამარჯვება უკრაინისთვის მორიგი თავის ტკივილია. უნგრეთის პარალელურად, ისეთი მოთამაშის გამოჩენა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, უკრაინის ხელისუფლების ამოცანას გაართულებს. თუ ფიცო უკრაინასთან მიმართებით თავის დანაპირებს შეასრულებს, ამას დიდი პოლიტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობა ექნება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სლოვაკეთი კიევს იარაღით აქტიურად ამარაგებდა და ის დასავლური დახმარების ლოგისტიკურ ჯაჭვში მნიშვნელოვანი რგოლი გახდა, – წერს BBC-ის უკრაინული სამსახური. სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა Zuzana-2-ის ჰაუბიცები, M-17-ის შვეულმფრენები და MiG-29-ის ტიპის ცამეტივე გამანადგურებელი. გარდა ამისა, 2022 წლის აპრილში სლოვაკეთმა კიევს გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300, რომელიც უკიდურესად აუცილებელი იყო.

ომის მიმდინარეობისას სლოვაკეთის თავდაცვითი საწარმოები უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მუშაობდნენ. როგორც ევროპული გამოცემა Euractiv-ი იტყობინება, მათი შემოსავალი ოთხჯერ გაიზარდა. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის სარკინიგზო კავშირს ევროკავშირთან, რომელიც სლოვაკეთზე გადის. გარდა ამისა, ევროკავშირის მონაცემებით, 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დროებითი თავშესაფარი სლოვაკეთში უკრაინის 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები