ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. მისივე ცნობით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური კონსულტანტია. ამ ქმედებით კი, ხაბეიშვილის განმარტებით, მმართველი პარტია „დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა“.
„ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენელს არ უშვებენ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური კონსულტანტი. ფაქტობრივად, დიპლომატიურ სკანდალში ეხვევიან და მოგიყვებით რატომ – საბუთი რომელიც მისცეს, რის გამოც არ შემოუშვეს, წერია, რომ მიზეზი არ აქვთ რატომაც არ შემოუშვეს და სხვა – ასე უწერია, რომ არ გიშვებ საქართველოში იმიტომ, რომ „და სხვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ბენ მალეტი ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ხაბეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ უწევდა კონსულტაციას, ის საქართველოში აღარ შემოუშვეს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.