რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის მიმართულებით 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბევრი მათგანი ჩამოაგდეს, თუმცა არის დარტყმებიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram არხზე დაწერა.
„ჩვენს ბევრ რეგიონში რუსული თავდასხმის შემდეგ, რომელიც ღამით განხორციელდა, საგანგებო და სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. მტერმა კომპლექსური, კომბინირებული შეტევა წამოიწყო: 650-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის ორმოცდაათზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტები. ბევრი ჩამოაგდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არის დარტყმებიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ზაპოროჟიეში დაბომბვის შედეგად დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები და განადგურდა საერთო საცხოვრებელი. დარტყმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„ლადიჟინში შვიდი წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა. ასევე იყო მრავალი ბოროტი თავდასხმა ენერგეტიკულ სექტორზე და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე რეგიონებში: ვინიცია, კიევი, ნიკოლაევი, ჩერკასი, პოლტავა, დნეპრი, ჩერნიგოვი, სუმი, ივანო-ფრანკოვსკი, ლვოვი. ყველა საჭირო სერვისი მობილიზებულია და ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღსადგენად იქ, სადაც ისინი ამჟამად მიუწვდომელია“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს სიცოცხლის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ასეთ ყოველ საზარელ თავდასხმას რუსეთისთვის კონკრეტული შედეგები – სანქციები და რეალური ზეწოლა – მოჰყვეს.
„ვიმედოვნებთ, რომ აშშ, ევროპა და დიდი შვიდეულის ქვეყნები არ უგულებელყოფენ მოსკოვის სურვილს, გაანადგუროს ყველაფერი. საჭიროა ახალი ზეწოლა: რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიასა და ფინანსებზე და მეორადი სანქციები ამ ომის სპონსორებზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მშვიდობისთვის მუშაობს“, – დასძინა მან.