რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ “რუსი სპეციალისტები სწავლობენ აშშ-ის “საიდუმლო პროექტს” უკრაინაში ღამურების მეშვეობით დაავადებების გადატანის შესახებ”. ინფორმაციას თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით წერს “ნოვაია გაზეტა”.
რუსული ვერსიით “საიდუმლო პროექტი მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ხარკოვის ლაბორატორიის ბაზაზე აშშ-ის სპეციალიტების ხელმძღვანელობით”.
რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ გეგმავენ წარმოადგინონ დოკუმენტები, რომელიც “უკრაინის ტერიტორიიდან ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ადამიანის ბიომასალების დიდი რაოდენობით გატანას შეეხება”.
უკრაინაში “ბიოლოგიური იარაღის” არსებობის შესახებ რუსულმა მხარემ 10 მარტსაც განაცხადა.
“ახლა გულდასმით ცდილობენ დამალონ ამ საიდუმლო პროგრამების კვალი, მაგრამ ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან ახლოს, უკრაინის ტერიტორიაზე იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები”, – აცხადებდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.
აშშ-ის დაფინანსებით გახსნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრების შესახებ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული მხარე წლების განმავლობაში საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ლაბორატორიებით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. ამ საქმეში კი რუსული მხარე ღამურების გამოყენების შესახებ აქამდე გავრცელებულ განცხადებებშიც წერდა.
ლაბორატორიებსა და “ღამურებზე” რუსულ პროპაგანდას ავრცელებდა ასევე ცხინვალიც. მაგალითად, 2020 წლის ივლისში, როდესაც გორის რაიონის სოფელ მეჯვირსხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს, მის დაკავების მიზეზად მოგვიანებით “ღამურებს” დაუკავშირეს. კერძოდ – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მაშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს, დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.
“საჭიროა განვმარტოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ, ლუგარის სახელობის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”, – აცხადებდა მაშინ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.