“უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო აღარ არის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა იგი სააკაშვილისა და სხვა სისხლიანი ნაცდამნაშავეების – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მტრების თავშესაფრად და ასპარეზად იქცა”, – ამის შესახებ აკადემიკოსი, ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
ჯაველიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და ექიმთა კონსილიუმის დასკვნების არ სჯერა და თუ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება, საქართველოშიც მშვენივრად უმკურნალებენ.
“26 მაისი ახლოვდება და ყველას კიდევ ერთხელ გაგვახსენდება ის “ბართლომეს ღამე”, რომელიც ნაცებმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მოგვიწყვეს, გაგვახსენდება ხელფეხშეკრული და მიწაზე დაყრილი სასტიკად ნაცემი ადამიანები. გაგვახსენდება ცემით მოკლული მშვიდობიანი მომიტინგეების სახურავებზე გადამალული გვამები, გია ლორქიფანიძე კი, რომელიც 26 მაისის ამ სისხლიან ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა დღეს უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეა. აღარაფერს ვამბობ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მარჯვენა ხელია და კიევში ჩასულ უცხოელ მაღალჩინოსანთა დელეგაციებს ხვდება. ყოველივე ამის შემდეგ მხოლოდ თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი, რომ უკრაინა საქართველოსა და ქართველების მეგობარი სახელმწიფოა.
ის კი არა, დროა პირდაპირ და შეულამაზებლად ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს გამოკვეთილი მტერია. ზელენსკი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკვე აღარც ცდილობენ დამალონ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი ამოძრავებთ, რისთვისაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და სათავეში ნაციონალების მოყვანა სჭირდებათ.
აკი მათმა იდეოლოგმა არესტოვიჩმა პირდაპირ განაცხადა – დღეს რომ სააკაშვილი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნიდაო. ერთი სიტყვით უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ისეთივე მტერია, როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არის ქვეყანაში ქვა ქვაზე აღარ დატოვოს და ახლა სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებასთან დაკავშირებით წამოწყებული პროცესებიც ამ გეგმის ნაწილია.
სააკაშვილს სასიკვდილო არაფერი სჭირს, უბრალოდ ხასიათზე არ არის ბიჭი, ციხის გარემოს ვერ ეგუება და ის დრო ენატრება, როცა ევროპიდან ძვირადღირებული მზარეულები და მასაჟისტები ჩამოჰყავდა სახელმწიფო ფულით, რათა საკუთარი ბიოლოგიური, ცხოველური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ მჯერა ე.წ. სახალხო დამცველისა და მისი კონსილიუმის, რადგან ლომჯარიაც და მის მიერ შეკრებილი ექიმებიც მიშისტები არიან. რაც შეეხება სააკაშვილის ოჯახს, დედამის გიულის მინდა ვურჩიო – თუ უნდა “მომაკვდავი შვილის” მშობელს დაემსგავსოს, ფუფალასავით ჭრელაჭრულა ტანსაცმლით ნუ გვეცხადება, საკუთარი ასაკის შესაფერისად მაინც ჩაიცვას, სირცხვილია მოკლე და გამჭვირვალე კაბებით რომ იმოსება. გაიხსენოს რამდენი წლის არის. ზოგადად, დედას რომ შვილზე გული შესტკივა ბუნებრივია, მაგრამ გიული ალასანიას მაშინ რატომ არ სტკიოდა გული როცა მისი შვილი სხვის შვილებს ქუჩაში ხოცავდა, როცა მიშიკოს რეჟიმი ციხეში ქართველ კაცებს აუპატიურებდა და ამით მთელ ერს ულახავდა ღირსებას?! ან სად იყვნენ მაშინ სააკაშვილის ძმები ახლა რომ გამოდიან და საზოგადოებას თანადგომას სთხოვენ?! გიული ალასანიამ ისიც თქვა, რომ მილიონების ღირებულების ქონება ბებიამ და ბაბუამ დაუტოვეს, მაგრამ ეს ვის სჯერა? ისე გიულის უზარმაზარი ქონება ბებია-ბაბუისგან თუ ერგო, მაშინ იმ ქონებიდან წილი მეც მეკუთვნის, რადგან მისი ბაბუა ნიკუშა წერეთელი დედაჩემის ძმა იყო. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გიული ალასანიას ბებია და ბაბუა უღირსეულესი ადამიანები იყვნენ, რომელთათვისაც საქართველო სალოცავ ხატს წარმოადგენდა, გიული და მიშა კი წერეთლებისა და აბაშიძეების ბრწყინვალე ოჯახის შემარცხვენლები არიან.
თუ სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება, საქართველოშიც მშვენივრად უმკურნალებენ, რაც შეეხება პატიმრობიდან მის გათავისუფლებას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება იქნება და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს”,- განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.