თურქეთის ხელისუფლებამ შესთავაზა რუსეთს ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარება გაერო-თურქეთი-უკრაინა-რუსეთი ფორმატში უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა
„ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ იყო დაფიქსირებული. ველოდებით რუსეთის მხრიდან პასუხს როგორც შეხვედრის საკითხზე, ასევე, სხვა დეტალებზე. თურქეთი გააგრძელებს ამ საკითხზე ფოკუსირებას“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მან საკუთარი პოზიცია უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს გააცნო, რომელიც ცოტა ხნის წინ ანკარაში იმყოფებოდა.
„ლავროვს ვაცნობე, გაეროს გეგმა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ. გეგმის დეტალები მხარეებმა უნდა განიხილონ“, – განაცხადა მინისტრმა.
ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვიდან ექსპორტისთვის ბარიერების მოხსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განუვითარებელი ქვეყნებისთვის.