კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის „ახალ რეგიონებში“ ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით საჭიროა სამუშაოები დაჩქარდეს.
„მნიშვნელოვანია მკაფიო, სწრაფი ურთიერთობის დამყარება ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და ამ რეგიონებში სრულუფლებიანი ინსტიტუტის შექმნაზე მუშაობის დაჩქარება“, – აღნიშნულია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, ამჟამად დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ფუნქციონირებს რეგიონული ომბუდსმენები, მაგრამ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჯერ არ არსებობს.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენები უნდა იყვნენ სენსიტიურები ახალგაზრდების მოთხოვნების მიმართ.
„უმთავრეს საკითხებს შორის არის ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმება, ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ სფეროებს“, – აცხადებს პუტინი.