ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 20:51 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
8°C clear sky

არსებობს „ღარიბაშვილის გუნდი“, „კობახიძის გუნდი“ – ეს ყველაფერი სპეკულაციების შემადგენელი ნაწილია

„ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება [თანამდებობიდან გადადგომის შესახებ] და თავად განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები. რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს „ღარიბაშვილის გუნდი“, „კობახიძის გუნდი“ და ა.შ. – ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდება.

„უამრავი თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია იყო მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იყო ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია, დამყარებულია პირველ რიგში იმაზე, რომ სამთავრობო გუნდის საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო თითოეული მინისტრის დამსახურება,“ – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ერთიანია და პერსონიფიკაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი. მათ შორის, სამთავრობო გუნდიც, მომავალში იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ ეს იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ აქვს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები