პენტაგონის განცხადებით, აშშ თვალყურს ადევნებენ ჩინეთის ჯაშუშურ საჰაერო ბურთს, რომელიც შეერთებული შტატების თავზე დაფრინავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს.
აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო.
„აეროსტატი ამჟამად კომერციული საჰაერო მიმოსვლის სიმაღლეზე გაცილებით მაღლა მოძრაობს და არ წარმოადგენს სამხედრო ან ფიზიკურ საფრთხეს ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის. ამ ტიპის საჰაერო ბურთების აქტივობის შემთხვევები ადრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა დროსაც დაფიქსირდა“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
ჩინეთის სახელმწიფო მედია არ ავრცელებს ინფორმაციას ინციდენტის შესახებ, მაგრამ მას ფართოდ განიხილავენ ჩინურ სოციალურ მედიაში.
მედიის ცნობით, მთავრობამ მოამზადა მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის „F-22“, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემს.
საფრთხის შესაფასებლად, უმაღლესმა სამხედრო ლიდერებმა, მათ შორის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა ეს საკითხი ჩინელ ოფიციალურ პირებთან დააყენა, ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩოში და ასევე პეკინში.