დასავლელი მაღალჩინოსნები შეშფოთებულები არიან უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კონგრესის გადაწყვეტილებით, – აღნიშნულის შესახებ CNN სტატიაში წერს.
როგორც „სიენენი“ წერს, დასავლელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა ომში მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას.
„ჩვენთან ერთად წარმატების გარანტია არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გარეშე ისინი ნამდვილად დამარცხდებიან“, – განუცხადა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა CNN-ს.
როგორც მედია წერს, დასავლეთში ყველაზე დიდი შეშფოთებას დახმარების ნაკლებობა იწვევს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა უკრაინა აღმოსავლეთით და სამხრეთით კონტრშეტევას ახორციელებს.
„ახალი ტერიტორიების დაპყრობისა და დაკავების შესაძლებლობას თუ განვიხილავთ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის მიღწევა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერის გარეშე“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
დასავლელი ოფიციალური პირები ასევე შიშობენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა ან შემდგომი შეფერხება გავლენას მოახდენს მოკავშირეების მხრიდან დახმარებაზე.
მანამდე უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირისგან უკრაინის შემდგომი დახმარება და ბევრი შიშობს, რომ თუ აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ევროპული ქვეყნები მიჰყვებიან მას.
„ახლა დასავლური სპეცსამსახურები ანგარიშობენ, რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა შეერთებული შტატებისა და ნატოს დახმარების გარეშე. აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის შეფასებით, ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, ხოლო ყველაზე ცუდი სცენარი მოიცავს ზაფხულისთვის სერიოზულ წარუმატებლობას ან თუნდაც დამარცხებას“, – წერს CNN-ი.
დასავლელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინას ჯერ შორი რადიუსის რაკეტების დეფიციტი შეექმნება, შემდეგ კი, საარტილერიო ნაწილში გაჩნდება პრობლემები.
„სიენენის“ შეფასებით, სამხედრო დახმარებაში არსებული ხარვეზები უკვე ახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე, რადგან რუსული ძალები გაცილებით დიდი ინტენსივობით ისვრიან, ვიდრე უკრაინის ძალებს შეუძლიათ.