„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტმა ძალაში შესვლამდე გააკეთა უკვე ნახევარი საქმე, რადგან არა მხოლოდ იმ არასამთავრობო სექტორის ლუსტრირება მოხდა, რომელიც თურმე მართლა ხარჯავს შავ ფულს, არამედ იმ დონორი ორგანიზაციებისაც, რომლებიც ამ სამოქალაქო სექტორს აფინანსებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონპროექტმა გააკეთა ის, რომ საქართველოს საზოგადოებამ უკვე დადასტურებულად იცის – ნამდვილად არსებობს შავი ფული, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვისაა გამოყოფილი.
„რადიკალებს და მათ დამკვეთებს ამ შავი ფულით სურთ ხელისუფლება უკანონოდ, რევოლუციური გზებით შეცვალონ და ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მეორე ფრონტს გახსნის. ნურავის ნუ ჰგონია, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობა ვინმემ გვაპატია. „ხალხის ძალა“ წელიწადნახევარია ვამბობთ, რომ ბოღმად აქვთ, საქართველოს უკრაინიზაცია რომ ვერ შეძლეს. მიზნად დაისახეს, რომ მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც ომს დაიწყებს, მაგრამ, რომ გაზომეს რეიტინგები, ნახეს, რომ მათივე კვლევებით ვერ იგებენ არჩევნებს და შესაბამისად სჭირდებათ რევოლუციური სცენარი. გაუმჭვირვალე, შავი ფული კი ამისთვის სჭირდებათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.