2008 წლის ომის მერე არანაირი სანქციები არ ყოფილა და ახლა გვთხოვენ ჩვენ ვიყოთ უფრო მკაცრები, ვიდრე მაშინდელი ხელისუფლება, აქედან ჩანს, რომ საუბარია ორმაგ სტანდარტზე და ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური საუბრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„2008 წლის შედარება დღევანდელობასთან არის ძალიან აქტუალური და რელევანტური. ყველას გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში 2008 წელს. მაშინ რუსეთ-საქართველოს ომი იყო. სააკაშვილმა, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. ამის შემდეგ მოვლენები გაგრძელდა როგორ?! არავითარი სანქციები რუსეთთან. პირიქით, იყო გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბარი და შესაბამისი შეთანხმება ამერიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ეს იყო მაშინდელი დამოკიდებულება და ამ ფონზე დღეს ვიღაცები ითხოვენ, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მკაცრი დამოკიდებულებაში, ვიდრე 2008-12 წლებში წინა ხელისუფლება იყო. აქედან ჩანს, რომ საუბარია ორმაგ სტანდარტზე. ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური საუბრები და ამის მიზანია, რომ როგორმე არიონ ქვეყანაში ვითარება. ისინი არიან ომის, ქაოსის პარტია და ყველა მიზანი ამ მოტივებითაა ნაკარნახევი“,- აღნიშნა კობახიძემ.