უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.
„Patriot-ის სისტემებზე საუბარი ომის დასაწყისშივე დავიწყეთ – რეალურად ომამდეც. მაგრამ ახლა დადგა გადაწყვეტილებების მიღების დრო“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
29 ნოემბერს, ტელეკომპანია CNN-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს.
„ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა. Patriot-ი საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომელიც განიხილება“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-ის პრიორიტეტია.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო შესაძლებლობას, რომელიც უკრაინელებს დაეხმარება რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში. ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა და ჩვენ ვსწავლობთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.